ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ლობჟანიძე, რომელიც უკრაინიდან გამოაძევეს, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში გაემგზავრა. კრიმინალურ წრეებში "კუწუს" ზედმეტსახელად ცნობილი რუსეთაველი ე.წ. კანონიერი ქურდი ამ "ტიტულს" უკვე რვა წელია ატარებს.
ამას გარდა, გიორგი ლობჟანიძე ცნობილი და გავლენიანი რუსთაველი "კანონიერი ქურდის" გიორგი ხმელიძის, ზედმეტსახელად "ხმელოს" უახლოეს გარემოცვაში შედის. ხმელო, თავის მხრივ უკვე ორი წელია ჩეხეთში იცდის სასჯელს და საქართველოში დეპორტაციას ელოდება.
შეგახსენებთ, რომ 49 წლის "ხმელო" 2010 წლის მარტში პრაღაში ჩეხეთის, უკრაინისა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ადრევ არაერთგზის ნასამართლევი "კანონიერი ქურდი" საერთაშორისო ძებნაში გამომძალველობისა და "ქურდული სამყაროს" დახმარებისათვის იმყოფებოდა.
ქალაქ რუსთავის მაცხოვრებელი გიორგი ხმელიძე 1992 წელს კოლონიიდან განთავისუფლების შემდეგ უკრაინაში დაფუძნდა. იგი დონეცკში ცხოვრობდა.
დამნაშავეობრივ სამყაროში "ხმელო" მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს და "რუხი კარდინალის" სახელსაც ატარებს. იგი "ჩრდილში ყოფნას" ანიჭებს უპირატესობას. დონეცკში მან ირგვლივ შემოიკრინბა ისეთი "კანონიერი ქურდები" რუსთავიდან როგორებიც არიან: "ტავა", "ნოდარი", "რემენი", "კუწუ" და სხვები.
უკრაინელი მილიციონერები დონეცკში შექმნილი სიტუაციით შეშფოთებულნი იყვნენ, ისინი "ხმელოს" ნეიტრალიზაციის გზას ეძებდნენ, ვინაიდან მის მიერ შექმნილი დაჯგუფება მისი ნეიტრალიზაციის გარეშე არ დაიშლებოდა. სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ თავისი კორუმპირებული კავშირებისა და ადგილობრივ მილიციასთან კავშირით "ხმელო: წინასწარვე იგებდა მისთვის დაგებული მახეების შესახებ.
მისი დაკავევის ოპერაციის ჩატარება გადაწყდა მაშინ, როდესაც ხმელო დონეცკის ფარგლებს დატოვებდა სადაც მას სერიოზული და გავლენიანი მფარველები ჰყავდა. ამ დროს საქართველოდან მივიდა ინფორმაცია, რომ "ხმელო" ჩეხეთში აპირებდა გამგზავრებას. სამი ქვეყნის სამართალდამცავთა ერთობლივი მოქმედებების წყალობით, ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს.
"ხმელო" ამ დრომდე საქართველოში ექსტრადაციას ელოდება. მისი მეორე ნათლული ნოდარ ასოიანი, რომელიც ახლახანს მიემალა როსტოვის მართლმსაჯულებას, სავარაუდოდ ჯერ კიდევ დონეცკის ოლქში იმყოფება.
შეგახსნებთ, რომ დონეცკის ოლქის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს და უკრაინის ფარგლებს გარეთ გააძევეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ლობჟანიძე, რომელიც კრიმინალურ წრეებში "კუწუს" ზედმეტსახელადაა ცნობილი.
კრიმინალური ავტორიტეტი დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე არალეგალურად ცხოვრობდა. 2007 წელს დოკუმენტების ფალსიფიკაციის გზით მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
40 წლის რუსთავის მაცხოვრებელი სამჯერ ნასამართლევია. ე.წ. კანონიერ ქურდად კი იგი 2004 წელს აკურთხეს თბილისის საგამოძიებო იზოლატორში.
აღსანიშნავია, რომ "კუწუ" უკრაინის კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტით სარგებლობდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქურდულ შეკრებებში, აკონტროლებდა დაჯგუფებენს, რომელთა წევრებიც ქურდობებითა და ყაჩაღობით იყვნენ დაკავებულნი. ამჟამად, ე.წ. კანონიერ ქურდს მოქალაქეობა ჩამოართვეს და უკრაინიდან გააძევეს.