ე. წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის რონალდ ჩიტაევის მკვლელობა მის პროფესიულ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთს "გენპროკურორმა" მერაბ ჩიგოევმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის რონალდ ჩიტაევის მკვლელობა სპონტანული დანაშაული არ არის, არამედ კარგად გააზრებული დანაშაულია, რომელიც მის პროფესიულ საქმიანობასთანაა დაკავშირებული", _ განაცხადა ჩიგოევმა.
მისი თქმით, გამოძიება ამჟამად მკვლელობის 4-5 ვერსიაზე მუშაობს. "აღნიშნული დანაშაული ჩამდენი პირები უკვე დაკავებულნი არიან და აღიარებით ჩვენებებს იძლევიან. ეს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დაცვის მოქმედი თანამშრომელი არტურ აგაევი და გენპროკურატურის ყოფილი თანამშრომელი რუსლან გაბარაევია".
"გაბარაევმა ჩიტაევის მკვლელობა უკვე აღიარა, მაგრამ დანაშაულის მოტივს ვერ ხსნის", _აცხადებს ჩიგოევი და აღნიშნავს, რომ ჩიტაევი იძიებდა სულ მცირე ორ ხმამაღალ საქმეს - "გენერალური პროკურორის ყოფილი ხელმძღვანელის ელდარ კოკოევის მიმართ და სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტის სახელმწიფო დაცვის თანამშრომლის ირბეგ ბეტეევის ავტომობილის დაცხრილვის საქმეს".
შეგახსენებთ, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი რონალდ ჩიტაევი გაიტაცეს და მოკლეს. ჩიტაევის ცხედარი დღეს დილით 07:00 საათზე ცხინვალის რაიონის სოფელ ვანათთან იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, იგი მიბჯენით გულისა და საფეთქლის არეში ორჯერ გასროლითა მოკლული.