დონეცკის ოლქის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს და უკრაინის ფარგლებს გარეთ გააძევეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ლობჟანიძე, რომელიც კრიმინალურ წრეებში "კუწუს" ზედმეტსახელადაა ცნობილი.
კრიმინალური ავტორიტეტი დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე არალეგალურად ცხოვრობდა. 2007 წელს დოკუმენტების ფალსიფიკაციის გზით მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
40 წლის რუსთავის მაცხოვრებელი სამჯერ ნასამართლევია. ე.წ. კანონიერ ქურდად კი იგი 2004 წელს აკურთხეს თბილისის საგამოძიებო იზოლატორში.
აღსანიშნავია, რომ "კუწუ" უკრაინის კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტით სარგებლობდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქურდულ შეკრებებში, აკონტროლებდა დაჯგუფებენს, რომელთა წევრებიც ქურდობებითა და ყაჩაღობით იყვნენ დაკავებულნი. ამჟამად, ე.წ. კანონიერ ქურდს მოქალაქეობა ჩამოართვეს და უკრაინიდან გააძევეს.