დღეს, 10:00 საათზე პოლიტიკური პარტიების 17 წარმომადგენლის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი გუშინ იყო დანიშნული, თუმცა "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლების ადვოკატის ნათია კორკოტაძის შუამდგომლობით პროცესი დღეისათვის გადაიდო. როგორც ადვოკატმა გუშინდელ პროცეზე აღნიშნა, ოქმები სასამართლოზე დასწრების შესახებ 17 ბრალდებულიდან სამს არ მიუღია.
ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, 14-მა ბრალდებულმა ოქმები გუშინ გვიან ღამით მიიღო და შესაბამისად, ვერ მოხერხდა მტკიცებულებების შეგროვება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და პროცესი დღეისთვის ჩანიშნა.
შეგახსენებთ, რომ საელმწიფო აუდიტის სამსახურიის ინფორმაციით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 34-ე პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დასადგენად პირველ ეტაპზე 32 პირი მიიწვია. სამსახურის ინფორმაციითვე, უწყება ვერ ჩაბარდა 5 პირს.
"სულ გამოკითხა - 27 პირი (მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" - 6, "თავისუფალი საქართველოდან" - 4, "ეროვნული ფორუმიდან" - 8, "კონსერვატიული პარტიიდან" - 5, "რესპუბლიკური პარტიიდან" - 2, "ქართული ოცნებიდან"- 2). გამოკითხვის შედეგად შემოწირულობის კანონიერება 10-მა პირმა დაასაბუთა", - ნათქვამია განცხადებაში.
მათგან, ვინც შემოწირულობის კანონიერება დაასაბუთა, 5 პირი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველია, 1 პირი - "ეროვნული ფორუმის", 1 - "კონსერვატიული პარტიის", 2 - "რესპუბლიკური პარტიის", ხოლო 1 - "ქართული ოცნების".
მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგად შემოწირულობის კანონიერება 17-მა პირმა ვერ დაასაბუთა. მათგან 1 - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველია, 4 - "თავისუფალი საქართველოს", 7 - "ეროვნული ფორუმის", 4 - "კონსერვატიული პარტიის", 1 კი - "ქართული ოცნების" და ის ზაზა გოგსაძეა. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახურის ცნობით, 17 პირის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.