თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 ივლისის დადგენილებით შპს ,,ბურჯი" და შპს ,,მენეჯმენტ სერვისი" ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა1" და ამავე ორგანული კანონის 34
2 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის და სახდელის სახით დაეკისრათ ჯარიმის გადახდა აკრძალული შემოწირულობის - 474 695 (ოთხას სამოცდათოთხმეტი ათას ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ხუთმაგი ოდენობის, 2 373 475 (ორიმილიონ სამასსამოცდაცამეტი ათას ოთხას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
სასამართლომ განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შპს ,,ბურჯისა" და შპს ,,მენეჯმენტ სერვისის" მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები და ამავე სამსახურის გადაწყვეტილების დადასტურების საკითხი, რომლითაც ყადაღა დაედო შპს ,,მენეჯმენტ სერვისის" კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას და სს ,,ბანკი ქართუში" არსებულ საბანკო ანგარიშებს.
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,მენეჯმენტ სერვისმა" იქირავა და საკუთარი ხარჯებით გაარემონტა თერთმეტი პარტიული ოფისი. ოფისების სარემონტო სამუშაოები შპს ,,ბურჯმა" შეასრულა. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,მენეჯმენტ სერვისმა" და შპს ,,ბურჯმა" უკანონო შემოწირულობა განახორციელეს, იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სარგებლობდნენ ხსენებული ოფისებით და ამ ქმედებებით, ჩაიდინეს ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ'' კანონის 342 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა.