თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და შპს "კრისტალის" დირექტორს ლევან დაუთაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
პროცესზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ლევან დაუთაშვილი ლილოს ტერიტორიაზე ქლორის ავზის გაჟონვაში უდანაშაულოა და ავზი, საიდანაც ქლორის გაჟონვამ ათობით ადამიანის მოწამვლა გამოიწვია, შპს "კრისტალს" არ ეკუთვნოდა.
დაცვის მხარე დაუთაშვილისთვის არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას მოითხოვდა. თუმცა პროკურორმა მაია კასოიანმა მოითხოვა, რომ დაუთაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდებინათ. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ამასთან, ლევან დაუთაშვილმა დღევანდელ პროცესზე მისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა და თანახმა იყო, გირაოს თანხა 5 000 ლარი ათ დღეში გადაეხადა. თუმცა მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა.
წინა სასამართლო სხდომა ლევან დაუთაშვილის საქმეზე 27 აგვისტოს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. კომპანია "კრისტალის" ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი 4 ივლისს დააკავეს. "კრისტალი" გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი ფირმაა, რომელსაც ქლორით სავსე ავზი ეკუთვნოდა. არსებული ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 288-ე მუხლებით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლილოს დასახლებაში, ავზიდან ქლორმა 3 ივლისის ღამეს გაჟონა. მომხდარის შედეგად 73 ადამიანი მოიწამლა. 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.