რომან ბელქანიას, შოთა თარუგაშვილსა და ალექსანდრე ბერიშვილს მოსკოვის პრესნენსკის სასამართლომ პატიმრობის ვადა 21 აგვისტომდე შეუფარდა. ყველა მათგანი გენერალ დუმბაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააპატიმრეს.
გამოძიების ვერსიით, ბელქანია რომან დუმბაძეს უთვალთვალებდა, ბერიშვილმა კი მოტოციკლეტით მკვლელი მიიყვანა, ტარუგაშვილმა კი მსხვერპლს ესროლა. რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით არც ერთ დაკავებულისათვის ბრალი არ წაუყენებია. გამომძიებლები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი დროის უქონლობაა. ეჭვმიტანილები 3 ივლისს დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ თარუგაშვილი ბრალს ამ დანაშაულის ჩადენაში არ აღიარებს, თუმცა იგი მოწმეებმა ამოიცნეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელები აგენტურული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. სამივე დაკავებული საქართველოდანაა.
მოწმის სახით სამართალდამცავებმა 26 წლის მოსკოვის მცხოვრები მიხაილ ტონია დააკავეს. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, ტონიას დაკითხვა მოხდა ვინმე თორნიკე კვირიკაშვილთან კავშირის საფუძველზე. კვირიკაშვილი პერიოდულად ცხოვრობდა ტონიას სახლში და იქ საკუთარ ნივთებსაც ინახავდა.
მიხაილ ტონიას დედის განცხადებით, გამოძიება დაინტერესდა კვირიკაშვილის ავტომობილით, რომელიც მან ტონიას საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დატოვა.
ტონიას დედა განმარტავს, რომ მისმა შვილმა კვირიკაშვილი ერთი წლის წინ გაიცნო. ივნისის დასაწყისში კი მან ტონიას დროებით მის სახლში ცხოვრება სთხოვა.
რუსული მედია წერს, რომ თავად მიხაილ ტონია სამართალდამცავეთა ინტერესის ობიექტი ადრეც გამხდარა, მისი ნარკოტიკდამოოკიდებულების გამო.
გამოძიების მონაცემებით დაკავებული ქილერები იყვნენ დაქირავებულები და მათ კავშირი აქვთ მოსკოვის ტერიტორიაზე მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ დანაშაულთან.
ერთ-ერთი რუსული გამოცემა იუწყება, რომ ბანდის ერთი წევრი 48 წლის მამაკაცი (ბერიშვილი რედ.) სამართალლდამცავებმა "ფრონტოვიკების" მებაღეობის ამხანაგობაში დააკავეს. მან აღიარა, რომ გადაჰყავდა ქილერი (თარუგაშვილი რედ., რომელმაც დუმბაძეს შვიდჯერ ესროლა. ასევეე სამართალდამცავებს აჩვენა იარაღის სამალავი. გამოძიების ვერსიით კიდევ ერთი დაკავებული (ბელქანია) დუმბაძის გადადგილებას ადევნებდა თვალს და ის "მართავდა" მოვლენებს.
დუმბაძის ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ დამქირავებლებმა ქილერებს 150 ათასი აშშ დოლარი გადაუხადეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექს-მეთაური რომან დუმბაძე მოსკოვში 21მაისს მოკლეს. დუმბაძე თავისა და მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებისაგან ადგილზე, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.
რომან დუმბაძე ცნობილია იმით, რომ საქართველოსა და მისი ერთ ერთი რეგიონის აჭარის ხელისუფლების კონფლიქტის დროს მან უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებების შესრულებაზე და ასლან აბაშიძის უშუალო დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
ამის გამო იგი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 2004 წელს დააპატიმრეს და სამშობლოს ღალატის მუხლით მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. დუმბაძე 2008 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.
2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით გენერალ დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.