რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილებას გამოთქვამს გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გაეროს გენარელური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ, რეგიონში მდგომარეობის გამწვავებას უწყობს ხელს.
რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რეზოლუციის პროექტი კენჭისყრაზე საქართველოს დელეგაციამ დააყენა. რეზოლუციას მხარი 60-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ 15 წავიდა 82-მა სახელმწიფომ კი თავი შეიკავა.
"კენჭისყრის შედეგებმა დაადასტურა, რომ თბილისის ეს პოლიტიზირებული ინიციატივა გაეროში დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს. გაეროს წევრი-სახელმწიფოების უმრავლესობამ ან თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობაზე ან გენერალური ასამბლეის ამ სესიას არ ესწრებოდა", _ აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში და აღნიშნავენ, რომ საქართველომ უკვე მერამდენედ ჰუმანიტარული სიუჟეტი პოლიტიკური კონიუქტურის ინტერესებში გამოიყენა და არა ათასობით ქართველი, აფხაზი, ოსი და სხვა ეროვნების მოქალაქეების ინტერესებში, რომლებიც "ბრმა აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაზარალდნენ".
"ეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა გვერდის ავლით განზრახ გაკეთდა, რომლებიც დღეისათვის ერთადართო მოლაპარაკებათა ფორმატია აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებისათვის", _ აცხადებენ სერგეი ლავროვის უწყებაში.
მათივე განცხადებით, ნიუ-იორკში ამ პრობლემატიკის განხილვას აზრი მხოლოდ მაშინ ექნებოდა, როდესაც ამ სესიაში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები მიიღებდნენ მონაწილეობას.
"თბილისის დაჟინებული სურვილის არქონა მიიღოს არსებული რეალობა, რომელიც რეგიონში შეიქმნა და გააფორმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მხარესთან იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, მოწმობს იმას, რომ საქართველო განწყობილი არ არის აწარმოოს სერიოზული დიალოგი რომელიც სიტუაციის დარეგულირებაზეა გათვლილი", _ მიიჩნევენ რუსეთის საგარეო უწყებაში და აღნიშნავენ, რომ რუსულმა მხარემ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
"რუსულმა მხარემ ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, იმიტომ, რომ დარწმუნენულია, რომ იგი არ შეესაბამება არსებულ რეალობას და რეგიონში მდგომარეობის გამწვავებას უწყობს ხელს",_ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ მადლობა გადაუხადა ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც ნიუ-იორკში მხარი დაუჭირა რეზოლუციას იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების დაბრუნების უფლების შესახებ.
2011 წელთან შედარებით ამ დოკუმენტის მხარდამჭერთა რიცხვი 57-დან 60 სახელმწიფომდე გაიზარდა.
ტუვალუ და ვანუატუ, რომლებმაც ადრე განაცხადეს, რომ აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამუკიდებლობას, იმ 60 სახელმწიფოს რიცხვში აღმოჩნდნენ, რომლებმაც გუშინ, ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ქართული რეზოლუციის პრექტს დაუჭირეს მხარი.
რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა სიაში კი რუსეთთან ერთად აღმოჩნდნენ: სომხეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, მიანმა, სუდანი, ზიმბაბვე, სირია, შრი-ლანკა, ვიეტნამი, სერბეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ.
"ქ.ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ".
გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუცია პირველად 2008 წელს მიიღო და მას შემდეგ ყოველწლიურად ადასტურებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას. რეზოლუცია ასევე ყურადღებას ამახვილებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლების დაცვასა და პატივისცემაზე", _ ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს გააქტიურონ ძალისხმევა დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია ავალდებულებს გაეროს გენერალურ მდივანს ყოველწლიურად მოახსენოს გენერალურ ასამბლეას დევნილი მოსახლეობის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ. გენერალური მდივნის შემდეგი მოხსენება აღნიშნულ საკითხზე 2013 წელს გამოვა.
რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას. აღნიშნული დებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები განაგრძობენ ჰუმანიტარული მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ბლოკირებას.
"რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის თვალსაზრისით, არსებული პოზიტიური დინამიკა ადასტურებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იმ ჰუმანიტარული კატასტროფის მზარდ გაცნობიერებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ძალადობრივი დემოგრაფიული ცვლილებების შედეგად შეიქმნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების დაბრუნების უფლების შესახებ", _ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.