საქართველო რეგიონში სხვა ქვეყნებისათვის მაგალითია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ დღეს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ თავისი მოდერნიზაციის და რეფორმების გზაზე პროგრესს მიაღწია, აშენებულია ახალი სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რომ ხელსაყრელი ბიზნესგარემო შეიქმნას.
"ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობა ძალიან სწრაფად ვითარდება. პროგრესია თავისუფალი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია ასოცირების შეთანხმებაც", - აღნიშნა რომპოიმ.
მისივე თქმით, რაც უფრო მეტი რეფორმები განხორციელდება საქართველოში, მით უფრო მეტი მხარდაჭერა შეუძლია გაუწიოს ევროკავშირმა საქართველოს.
რომპოიმ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით საქართველო საკმაოდ წარმატებულად მუშაობს და წინა პლანზეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.