მომავალი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი დევნილთა განსახლების პროცესში დაშვებულ უსამართლობას აღიარებს და აცხადებს, რომ მის გამოსწორებაზე იზრუნებს.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ რიგგრეშე სხდომაზე მთავრობის ახალი პროგრამის წარდგენისას, ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ განაცხადა, ყველა მინისტრი, თითოეული დეპუტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ყურადღებით იქნება.
,,ვაღიარებ, რომ დევნილების განსახლების, მათთვის სახლების მშენებლობის პროცესში, ხშირად ხდებოდა უსამართლობა და მათ გამოსასწორებლად აქტიურად ვითანამშრომლებთ. ყველა მინისტრი, თითოეული დეპუტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ყურადღებით იქნება. ასევე ვიქნებით ყურადღებით ნებისმიერი მოქალაქის, პრესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შენიშვნებზე. ყველა იმ შეცდომასა და არასამართლიანობას, რომელიც შეიძლება სიჩქარით იყოს გამოწვეული, ადეკვატიურ პასუხს გავცემთ, რადგან გვინდა, რომ რასაც გავაკეთებთ, იყოს სამართლიანი და ყველა ადამიანს ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ის იმ სიკეთეებს და სარგებელს მიიღებს, რომელსაც იმსახურებს~, - განაცხადა მერაბიშვილმა.
დევნილების განსახლების პროცესში დაშვებულ შეცდომებზე და უსამართლობაზე განცხადება დღეს ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ გააკეთა და მომავალ პრემიერს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
,,ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ კი აღნიშნა, რომ ივანე მერაბიშვილს შს მინისტრობის დროს, რატომღაც პირადად ევალებოდა დევნილებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა. მისი თქმით, იქედან გამომდინარე რაც დევნილებთან მიმართებაში ხდება, მერაბიშვილის კარგ მენეჯერობაზე მითი გამოგონილია.
მთავრობის ახალ შემადგენლობასა და ახალ პეროგრამას პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.