სამართალდამცავებს კითხვები აქვთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელთან ირაკლი კვაშილავასთანაც.
800-ლიტრიანი ქიმიური ავზი, საიდანაც ქლორის გაჟონვა მოხდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორ ფორმას, შპს " კრისტალს" ეკუთვნის. კომპანიამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება შპს " კრისტალის" ხელმძღვანელი ლევან დათუაშვილი.
წინასწარი გამოძიება დაწყებულია. საქმე აღიძრა 240-ე მუხლით, რაც საქმის წარმოებისას უსაფრთხოების ნომრების დარღვევას ითვალისწინებს. თუმცა არ არის გამორიცხული ეს მუხლი ჩაანაცვლოს 288-ე მუხლმა - ბუნებისთვის საშიში ნივთიერების არასათანადო მოპყრობა, რამაც გარემოს დაბინძურება გამოიწვია და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ორივე მუიხლი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან შეზღუდვას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ლილოში ქიმიური ავზი მწყობრიდან გამოვიდა და თხევადმა ქლორმა გაჟონა. დაზარალებულები არიან მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ქიმიური ავზიდან, რომელსაც ონკანი მოძვრა. დაზუსტებული ინფორმაციით, დაზარალებულია 73 ადამიანი, რომელთა შორის 20 ბავშვია და 1 ორსული. 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა განსაკუთრებულად კრიტიკულია. სპეციალისტების ინფორმაციით, ლილოში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. ქიმიურ ავზს დაზიანებული ონკანი გამოუცვალეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს.
ქლორის გაჟონვის გამო შესაბამისმა სამსახურებმა ჰაერის მდგომარეობაზე ტესტი ჩაატარეს. ტესტმა აჩვენა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერი ნორმის ფარგლებშია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
დაზარალებულები ქვეყნის პრეზიდენტმა მოინახულა.