მომავალი 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტი საერთო ჯამში 40 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ივანე მერაბიშვილმა დღეს ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
ფრაქციის წევრებთან შეხვედრამ მშვიდ გარემოში და მწვავე შეკითხვების გარეშე ჩაიარა. გია თორთლაძის ფრაქციის წევრები მხოლოდ შეფასებებით შემოიფარგლნენ. ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროგრამაში პრიორიტეტები სწორად არის შერჩეული. ფრაქციის წევრმა პაატა დავითაიამ სამთავრობო პროგრამას ამბიციური გეგმა უწოდა. ხოლო ედპ-ის წევრმა გურამ ჩახვაძემ მერაბიშვილს "ეროვნულ-დემოკრატების" პროგრამა გადასცა.
ფრაქციამ მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას წარმატებები უსურვა.