მინისტრთა ახალ კაბინეტს ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ფრაქციის სხდომაზე დაიბარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქციის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილმა მინისტრებთან ერთად, ფრაქციასთან უნდა გაიაროს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
ცაგარეიშვილის მტკიცებით, მერაბიშვილს უშუალოდ აჰკიდეს პასუხისმგებლობა წინასაარჩევნო ვითარებაზე და იგი ისევე მოიქცევა, როგორც შსს მინისტრობის დროს.
"მერაბიშვილმა პოლიციური ტერორი დაამყარა, ის მართავს ქვეყანას, ისე როგორც მიხეილ სააკაშვილს აწყობს, ამიტომ მოხდა მისი პოლიტიკური სტატუსისა და მდგომარეობის ფორმალიზება და მას ჩააბარეს არჩევნების მთელი სამზადისი. უშუალოდ მას აჰკიდეს პასუხისმგებლობა წინასაარჩევნო ვითარებაზე, რაც საშიშია. დარწმუნებული ვარ, მერაბიშვილი პრემიერის პოსტზეც ისე მოიქცევა, როგორც შს მინისტრად ყოფნის დროს, როცა მიტინგებს არბევდა,"- აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა, რომ ახალი სამთავრობო პროგრამა ძველისგან მრავალჯერ გადაწერილი იქნება.