"ბანკი რესპუბლიკა" საზღვარგარეთ მაგისტრის ხარისხის მისაღებად სტუდენტური სესსებს გასცემს. ბანკის ინფორმაციით, ვისაც სურს მიიღოს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი უნივერსიტეტებში, როგორებიცაა: Columbia University, New York University, Stanford University, Harvard University, London Business School, London School of Economics და სხვა, ბანკი „რესპუბლიკა" სთავაზობს სტუდენტურ სესხს. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი სამაგისტრო პროგრამა Financial Times-ის და The Times-ის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგების პირველ 50-ეულში მოხვედრილი უნივერსიტეტებიდან და სტუდენტური სესხის მეშვეობით დაიფინანსონ სწავლის საფასური, მგზავრობა, ცხოვრება, კვება, წიგნების საფასური და სწავლასთან დაკავშირებული ყველა დამატებითი ხარჯი. სტუდენტი სესხის გადახდას იწყებს სწავლის დასრულებიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ.
"უკეთ სწავლის მოტივაციისთვის ბანკი „რესპუბლიკა" სტუდენტებს დამატებით საჩუქრებს სთავაზობს: სრული კურსის დაფარვისას სესხის საპროცენტო განაკვეთი 0.5%-ით, კურსის წარმატებით დასრულებისას კი სესხის საპროცენტო განაკვეთი 1%-ით შემცირდება; ყველა სტუდენტი, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ GPA 3.6-ს ან მეტს მიიღებს, სტაჟირებას ბანკ „რესპუბლიკის" სათავო ოფისში გაივლის"- განმარტავენ "ბანკ რესპუბლიკაში".
სტუდენტური სესხის პირობები:
ვალუტა: აშშ დოლარი, ევრო;
სესხის მაქსიმალური მოცულობა უზრუნველყოფით: 60,000 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი ევროთი;
სესხის მაქსიმალური მოცულობა უზრუნველყოფის გარეშე: 10,000 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი ევროთი;
სესხის მაქსიმალური ვადა: 120 თვე;
საპროცენტო განაკვეთი: 16%-დან.