სააპელაციო სასამართლომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. "ქართული ოცნების" საჩივარს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლეილა მამულაშვილი განიხილავდა. პროცესს კოალიციის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონტროლის პალატას კი, უწყების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათია მოგელაძის, მოადგილე გიორგი ამირანაშვილი წარმოადგენდა.
საჩივარი კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით "ქართულმა ოცნებამ" სააპელაციოში 29 ივნისს შეიტანა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პოლიტიკურ პარტიებს 2 383 097 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. კპარტიებს ჯარიმის გადახდის ვადა დაჯარიმების გადაწყვეტილებიდან - 27 ივნისიდან 7 დღეში ეწურებათ, რის შემდეგაც აღსრულების ღონისძიებები იწყება; არ არის გამორიცხული, რომ პარტიების ანგარიშები დააყადაღონ.
კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების დაჯარიმების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე მიიღო.
როგორც კონტროლის პალატის განცხადებაშია ნათქვამი, შპს "მენეჯმენტ სერვისმა" საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476 614,51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია "ქართული ოცნების" საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება", კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები - "რესპუბლიკური პარტია", "ეროვნული ფორუმი", "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "კონსერვატიული პარტია" და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს".
შპს "მენეჯმენტ სერვისის" მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ ანხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლომ უკანონო შემოწირულობად ცნო.