კოალიცია "ქართული ოცნების" ახმეტის შტაბის უფროსის, პატიმრობაში მყოფი ზაქარია ქინქლაძის ადვოკატი ქეთი ზაქარიაშვილი აცხადებს, რომ ყვარლის დროებით მოთავსების იზოლატორში ქინქლაძეს საკვებს არ აძლევენ.
ზაქარიაშვილის თქმით, ქინქლაძემდე მისი ოჯახის წევრების მიერ შეგზავნილი ამანათები არ აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
"სამი ამანათი შევაგზავნეთ, მაგრამ მასთან მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით მიაღწია. უკვე შიმშილობა ეტყობა", - განაცხადა ზაქარიაშვილმა.
მისი თქმით, ქინქლაძემდე არც ტანსაცმელსა და ჰიგიენის ნივთებს მიუღწევია.
ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ქინქლაძე 24 ივნისს დააკავეს. პოლიციაში მას ახმეტის გამგეობის თანამშრომელმა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა პაატა სუხიშვილმა უჩივლა. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა ზაქარია ქინქლაძეს 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროცესი ისე ჩაატარა, რომ მასზე დასწრების საშუალება არც ადვოკატს მიეცა, არც ჟურნალისტებს და არც სხვა დაინტერესებულ პირებს.
27 ივნისს ქინქლაძის ადვოკატებმა თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, ისინი დადგენილების ბათილად ცნობას და პატიმრობიდან ქინქლაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ამ დრომდე არ ჩაბარებია.
ქინქლაძის საქმეზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა. საგამოძიებო ჯგუფის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ის უკანონო პატიმარია. არაერთი უფლებადარღვევის ფაქტზე ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატი ქინქლაძის საქმით ამ დრომდე არ დაინტერესებულა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ამავე მდგომარეობაში არიან კასპის რაიონის სოფელ დოესის მაცხოვრებლები, რომლებიც სარწყავი წყლის მოთხოვნის დროს, რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს და ადმინისტრაციულ პატიმრობას ისინიც ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში იხდიან.