ფონდი ქომაგი განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, ხელისუფლების მიერ ფონდ ქომაგის მიმართ განხორციელებული პირველი ქმედება იყო გერმანიაში არსებული საქველმოქმედო ორგანიზაციიდან გადმორიცხული თანხის დაყადაღება, რაც მიზნად ისახავდა ფონდის საქმიანობის პარალიზებას.
"ამის საპასუხოდ ფონდმა სხვა სამართლებრივი გზებით შეძლო ხალხის დახმარება. კერძოდ, საზღვარგარეთ მცხოვრებმა კეთილი ნების ადამიანებმა, ფონდის რეკომენდაციით, უშუალოდ მოახდინეს საქართველოს იმ მოქალაქეების ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვა, რომლებმაც ფონდს მომართეს დახმარებისთვის. აღნიშნულზე ხელისუფლების მხრიდან პასუხად მივიღეთ ამ მოქალაქეების საბანკო ანგარიშების დაყადაღება", - აცხადებენ ისინი.
მათი ინფორმაციით, მოქალაქეთა ნაწილმა მათი ანგარიშების დაყადაღებამდე მოასწრო თანხის აღება, რამაც გამოიწვია ხელისუფლების მიერ ფონდის მიმართ მომდევნო თავდასხმა, "თითქოსდა ფონდს კავშირი ჰქონდეს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან და იყენებდეს საქველმოქმედო საქმიანობას ფულის გასათეთრებლად".
"ამ მიზეზით მოქალაქეები მოწმის სახით დასაკითხად დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა განყოფილებაში. რა თქმა უნდა, ეს ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო და აბსურდული. ხელისუფლების ეს ქმედებები პირდაპირ არის მიმართული "ფონდ ქომაგის" საქველმოქმედო საქმიანობის წინააღმდეგ. რეალურად ხალხის შსს-ში დაბარების მიზეზი იყო მათი დაშინება და "ფონდ ქომაგის" სახელის შელახვა", - აცხადებენ ისინი.