საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა NDI-ის საპარლამენტო სტაჟირების პროგრამის მონაწილეები დააჯილდოვეს.
ცერემონიალზე ბაქრაძემ განაცხადა, რომ NDI-სთან ერთად ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება.
კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა კურსდამთავრებულებს ჯონ ბასმა და პარლამენტში განხორციელებულ სხვა პროექტებზედაც ისაუბრა.
NDI-ის საპარლამენტო პროგრამა, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება, უკვე მეექვსე წელია, რაც არსებობს. სტაჟირების პროგრამის განმავლობაში უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა საქართველოს საკანონმდებლო პროცესში პრაქტიკული გამოცდილება შეიძინეს და საპარლამენტო სისტემის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს. სტაჟიორები საკომიტეტო მუშაობაშიც მონაწილეობდნენ და დეპუტატებისთვის ამზადებდნენ კვლევებსა და ანგარიშებს მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე.