კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2012 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 1.9 პროცენტით, ანუ 147.1 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 7.9 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.2 პროცენტით, ანუ 29.4 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა - 2.3 პროცენტით ანუ 117.7 მლნ ლარით.
რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2012 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 870.6 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.8 პროცენტით ანუ 16.4 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 3.5 მლრდ ლარის (შესაბამისად, 2.7 პროცენტით ანუ 91.7 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 46.8 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2012 წლის აპრილთან შედარებით, ა/წ მაისში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.4 პროცენტით ანუ 8.6 მლნ ლარით შემცირდა და 2.0 მლრდ ლარი შეადგინა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2012 წლის პირველი ივნისისათვის 885.5 მლნ ლარით განისაზღვრა (6.7 პროცენტით ანუ 55.6 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 10.0 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 433.9 მლნ ლარია (2.6 პროცენტით, ანუ 10.9 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 77.2 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2012 წლის მაისის განმავლობაში 2.4 პროცენტით ანუ 77.8 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის 3.3 მლრდ ლარს გადააჭარბა.