NDI-ი წინასაარშევნოდ მედიას გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს. უფრო კონკრეტულად კი მედიამ უნდა გააშუქოს არჩევნები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესაბამისად.
"გახადოს ხელმისაწვდომი სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებო პროგრამები და ინფორმაცია. უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტებისთვის დებატების ხელმისაწვდომობა. რეგიონალურმა და ადგილობრივმა ტელევიზიებმა უნდა გაიღონ ყველანაირი ძალისხმევა, რათა ადგილობრივ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის დებატები გამართონ ან გააშუქონ. NDI-ის გამოცდილებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აჩვენა, რომ დებატები ეხმარება პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს, ყურადღება მოქალაქეებისთვის საჯარო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილონ. დებატები ასევე წარმოადგენს კონსტრუქციული და შინაარსობრივი პოლიტიკური დისკურსის წარმართვის შესაძლებლობას" - ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო დელეგაციის მიერ, რომლის წევრები არიან: რობინ კარნაჰანი, მისურის შტატის მდივანი; სემ გეჯდენსონი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი; პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი; კენეთ ვოლაკი, NDI-ის პრეზიდენტი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.
დელეგაციის მიზანი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება, ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი და იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ვიზიტის მიზანი ასევე იყო, გაეცა რეკომენდაციები, რომელიც მშვიდობიანი, სანდო არჩევნებისთვის დიალოგს და კონსენსუსის მიღწევას შეუწყობს ხელს და აამაღლებს ამომრჩევლის ნდობას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ხალხის ნებას გამოხატავს.