ანატოლი სერდუკოვის ხისტმა სიტყვებმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის კრიტიკაზე მას მისი თანამდებობიდან გათავისუფლება შესთავაზა, აიძულეს ექსპერტები "დედოვშინაზე" დაეწყოთ საუბარი, რომელსაც ვლადიმერ პუტინის მინისტრები ახალი პრემიერის მიმართ ახორციელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ანალიტიკოსები ასევე მომავალში პრემიერსა და ვლადიმერ პუტინის ხალხს შორის დაძაბულობის ზრდას პროგნოზირებენ.
თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის ხისტი პასუხი მას შემდეგ გაისმა, რაც პრემიერმა მთავრობაში გამართულ თათბიტრზე განაცხადა, რომ თანამდებობებიდან უნდა გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც სამხედრო ქალაქების დაფინანსების მეთოდიკის შემუშავებას აყოვნებენ. დიმიტრი მედვედევმა ვიცე-პრემიერ დიმიტრი კოზაკს მოსთხოვა მისთვის პერსონალურად მიეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ არის პასუხისმგებელი დავალების შეუსრულებლობაზე. "საჭიროა ვინმეს გათავისუფლება - ეს კარგი იქნებოდა", _ განაცხადა მედვედევმა.
"მაშინ მე", _ უპასუხა სერდიუკოვმა მედვედევს. "იმიტომ, რომ მე არ დამიმტკიცებია, იმიტომ, რომ მე ვერ ვხედავ როგორ გადავცე დეფიციტი", _ განმარტა იქვე მინისტრმა და აღნიშნა, რომ საუბარი მიდის სამხედრო ქალაქებისათვის განკუთვნილ 70 მილიონ რუბლიან დეფიციტზე. მედვედევმა მინისტრი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან პირადად მას არ აუწყა პრობლემების შესახებ და თავდაცვის, ფინანსთა და რეგიონების სამინისტროებს დაავალა ხუთდღიან ვადაში მეთოდიკა დაემტკიცებინათ.
გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, მეთოდიკის შექმნა, რომელსაც ასეთი დიდი დეფიციტის შევსება შეუძლია ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების მოზიდვის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ფინანსურ-ეკონომიკურ დეპარტამენტში, სადაც ამ მეთოდიკაზე მუშაობა მიმდინარეობს არ გამორიცხავენ, რომ თავდაცვის სამინისტრომ შესაძლოა მოუთხოვოს უარი ითქვას სამხედრო ქალაქების რემონტზე რომელიც მუნიციპალიტეტებს უნდა გადაეცეს.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მედვედევი პრეზიდენტის რანგში არაერთგზის აკრიტიკებდა სერდიუკოვს ჩავარდნის პირას მყოფი "გოსობორონზაკაზის" გამო. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ სერდიუკოვის თავხედობა მედვედევის არც თუ ისე მაღალ ავტორიტეტზე მეტყველებს პუტინის მინისტრებს შორის.
პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსეი მუხინი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საუბარი შეიძლება პიროვნული ურთიერთობების კრიზისზე მთავრობაში, სადაც ჩამოყალიბდა გარკვეული დედოვშინა პუტინის მინისტრების მხრიდან.
"ისინი მაღლიდან უყურებენ ახალ კოლეგებს, მედვედევის დანიშნულებს კი ძალიან უნდათ ყოველივე ამაში რაიმის შეცვლა", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ დაპირისპირება ხდება იმიტომ, რომ "პუტინის ვარსკვლავებიანი მინისტრები ვერ შეეჩვივნენ იმას, რომ მედვედევი მათ უფროსია".
თავის მხრივ ეფექტური პოლიტიკის ფონდის ხელმძღაღვანელი გლებ პავლოვსკი აცხადებს, რომ მისთვის ძნელი გასაგებია, მოუვიდა თუ არა სერდიუკოვს ნერვული შეტევა თუ ეს რაღაც თამაში იყო. მთავრობამ სულ ახლახანს დაუწყო მუშაობა, ხოლო ამგვარი ემოციური შეტევები უკვე ჰქონდა ალექსანდრე ბასტირკინსა და თავდაცვის მინისტრს.