არსებული ხელისუფლება აგრძელებს საკუთარ დანაშაულებრივ და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, რომლის მიზანია ქვეყანაში ტოტალური შიშისა და ტერორის დამკვიდრება. 2012 წლის 26 ივნისს სოფელ მერეთში მომხდარი პროვოკაცია კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ არსებული ხელისუფლება მისთვის ჩვეული პროვოკაციებითა და ძალადობით აპირებს ბრძოლას პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ. მისთვის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მატერიალური ტერორი, ადამიანების დამცირება, შეურაცხყოფა, უკანონოდ დაპატიმრება ჩვეულ მოვლენად იქცა. ძალაუფლების შენარჩუნების სურვილმა ხელისუფლების წარმომადგენელებს ადამიანის სახე უკვე დიდი ხანია დააკარგვინა.
„დემოკრატიული მოძრაობა" გმობს მერეთში დაგეგმილ და განხორციელებულ პროვოკაციას. სწორედ ჩვენ განსაკუთრებით კარგად გვესმის, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს სააკაშვილის ხელისუფლების უზნეობა, რომელიც დიდი ხნის წინ გვაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი. ჯერ კიდევ 2010 წლის 19 აგვისტოს, ხურვალეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ „დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და პარტიის ლიდერებს ხელისუფლებამ „ზონდერ ბრიგადები" დაახვედრა, გზა გადაკეტა და ქვები დაუშინა. მაშინ არც დიპლომატიურ კორპუსს, არც მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამწუხაროდ არც ოპოზიციას ამ ამორალურ პროვოკაციასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. სწორედ ასეთი „სოლიდარობის" შედეგია ის, რომ სააკაშვილი და მისი კრიმინალური გუნდი ისევ ხელისუფლებაშია და ისევ ბედავს მსგავსი პროვოკაციების მოწყობას.
"დემოკრატიული მოძრაობა" ხაზგასმით აღნიშნავს - მერეთში მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სოლიდარობისა და ოპოზიციის კოორდინირებული ქმედებების გარეშე რეჟიმი თავს შეუბოჭავად გრძნობს და აუღელვებლად ანხორციელებს საუთარ მიზანს - ნებისმიერი მეთოდებით გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა.