ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის დელეგაცია ეწვევა .
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თსუ-დან აცნობეს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის სენატის თავმჯდომარე ბოგდან ბორუსევიჩი სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს, თემაზე "პოლონეთის გზა დამოუკიდებლობისაკენ".
ღონისძიებას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი ურსულა დროშევსკა, სტუდენტები, საქართველოში პოლონური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სენატის თავმჯდომარე ბოგდან ბორუსევიჩი თსუ-ს ვარშავის უნივერსიტეტის სემინარების ციკლის ფარგლებში ეწვევა. სემინარების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლონეთის თანამედროვე ისტორიისა და კულტურის უკეთ გაცნობას საქართველოში. ღონისძიების ორგანიზატორია ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიის სამეცნიერო კვლევის ცენტრი.
პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ბოგდან ბორუსევიჩის ვიზიტი საქართველოში 25 ივნისიდან 28 ივნისამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში სენატის თავმჯდომარე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. ბოგდან ბორუსევიჩი ეწვევა მცხეთას, ქუთაისს, თერჯოლასა და ბათუმს.