დღეს, 26 ივნისს, 24:00 საათზე, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა ეწურება. როგორც ჟურნალისტებს კოალიციის ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, ივანიშვილმა აღსრულების ეროვნული ბიუროდან გასულ სამშაბათს მიიღო ერთკვირიანი ვადა, რათა ჯარიმა ნებაყოფლობით გადაეხადა და ქონების შესახებ ინფორმაცია წარედგინა.
"ვადა იწურება და სააღსრულებლო წარმოებისთვისაც შესაბამისი პასუხი ამ ვადაში იქნება გაცემული", - აღნიშნა კბილაშვილმა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილის ჯარიმებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით თანხა 74 325 065. 65 (63 110 095 ლარი და 11 214 970.65 ლარი) ლარის ოდენობით.
"საქმესთან დაკავშირებით დაიწყო "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. აღნიშნული პროცედურა პირველ ეტაპზე ითვალისწინებს მოვალის გაფრთხილებას, 7 დღის ვადაში მოახდინოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება, რომლის გასვლის შემდგომაც იწყება იძულებით აღსრულების კონკრეტული პროცედურები. ასევე ბიძინა ივანიშვილს განემარტება მისი ვალდებულება და ის პროცედურები, რაც გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება მის მიმართ, მისი უფლებები და მოვალეობები", - ნათქვმია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილი ჯამში 148 650 131 ლარით დაჯარიმდა. ეს გადაწყვეტილებები ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ჯარიმები შეამცირა და მათი რაოდენობა 74 325 065 ლარით განისაზღვრა. ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს.
გარდა ამისა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე მოითხოვა დოკუმენტები "ქართუ ჯგუფისა" და ბანკ "ქართუს" მეწილეების შესახებ.