კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, შპს "მენეჯმენტ სერვისმა" საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაო ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია "ქართული ოცნების" საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები: საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება", "ქართული ოცნების" კოალიციაში შემავალი პარტიები: "რესპუბლიკური პარტია", "ეროვნული ფორუმი", "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო", "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "კონსერვატორული პარტია" და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს".
შპს "მენეჯმენტ სერვისის" მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად უკანონო შემოწირულობად იქნა მიჩნეული.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ შემოწირულების მიღებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა 5 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, პარტიას კი დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა. რადგან საქართველოს კონტროლის პალატის მიზანია დარღვევების პრევენცია და არა სანქციების გამოყენება, უკანონო შემოწირულობის მიმღებ პოლიტიკურ პარტიებს წერილობით მიეცათ წინადადება პროპორციულობის პრინციპის დაცვით, უკანონო შემოწირულება დაებრუნებინათ შემომწირველისთვის. თუმცა, ზემოაღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უარი განაცხადეს ორგანული კანონის და სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე", - ნათქვამია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში.
მათი განცხადებით, სახეზეა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.
ორგანული კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატამ ყველა ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტია ცნო სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში გადააგზავნა.
"საზოგადოების ყურადღება უნდა მივაპყროთ იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით პოლიტიკურ სივრცეში საქმიანობს ოთხი სუბიექტი "ქართული ოცნების" სახელით. კერძოდ, საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება", პარტია "ქართული ოცნება", შპს "ქართული ოცნება" და კოალიცია "ქართული ოცნება" რომელიც, თავის მხრივ, დამატებით აერთიანებს პარტიებს - "რესპუბლიკური პარტია", "ეროვნული ფორუმი", "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო", "კონსერვატიული პარტია", "მრეწველობა გადარჩენს საქართველოს", - აღნიშნავენ ისინი და დასძენენ, რომ აღნიშნული გარემოება არ უწყობს ხელს ჯანსაღი, გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პოლიტიკური სისტემის უზრუნველყოფას.
"აქედან გამომდინარე მივმართავთ თხოვნით ზემოაღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტებს თავიანთი საქმიანობა წარმართონ კეთილსინდისიერების და ანაგრიშვალდებულების პრინციპების დაცვით", - აცხადებენ ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.