რიო დე ჟანერიოში გაიმართულ გაერო-ს მდგრადი განვითარების კონფერენცია "რიო+20"-ში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიოდა გარემოს დაცვის მინისტრი გიორგი ხაჩიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.
"რიო+20"-ის ფარგლებში ქართულმა მხარემ, იუნესკოსთან და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამასთან (UNEP) პარტნიორობით, გამართა სპეციალური ღონისძიება "თბილისიდან - რიო+20-მდე," რომელიც მიეძღვნა გარემოსდაცვით განათლებას.
ღონისძიების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ შეხვედრები გამართა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ფაუსტინ-არჩანჯ ტუადერასთან; კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მინისტრთან, რეიმონდ თშიბანდასთან; განის რესპუბლიკის გარემოს დაცვის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრთან, შერი აიტეისთან; პანამის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოსკარ ა. სორიოსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ფრანცისკო ალვარეს დე ლოტოსთან; ომანის სასულთნოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, შეიხ აბდულ-მალიკ აბდულა ალ ჰინაისთან; დომინიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან; მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ათოს ელვინდასთან; ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ენერგეტიკისა და წიაღისეულის მინისტრის მოადგილესთან, ვირაპონ ვირავონგთან, სოლომონის კუნძულების გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილესთან, ჩანელ იროისთან; მადაგასკარის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან, მოდესტ რანდრიანარინოვონისთან და მალავის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილებისა და მეტეოროლოგიური სამსახურის დეპარტამენტის დირექტორთან გრეიმუნტ ჰალისთან.
შეხვედრებზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და შეთანხმდნენ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე ეკონომიკის, განათლების და კულტურის სფეროებში. განხილულ საკითხებს შორის იყო ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესაძლებლობები და გაეროს ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა, ასევე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა. ქართულმა მხარემ ოფიციალურად მოიწვია ამ ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრები 2012 წლის 6-7 სექტემბერს, ქ. თბილისში დაგეგმილ მინისტერიალზე "თბილისი+35", რომელიც მიეძღვნება გარემოს დაცვით განათლებას.