გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ელექტრონული სისტემის მეშვებით გამოქვეყნდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცვლილებები "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" კანონში შედის, რომელიც პარლამენტში დღეს იქნა ინიცირებული.
კანონპროექტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მიღებული სასამართლოს ყველა განჩინება, ისევე როგორც კრედიტორთა, მეურვის, მომრიგებელი საბჭოს, გაკოტრების მმართველისა თუ რეაბილიტაციის მმართველის ნებისმიერი გადაწყვეტილება ელექტრონული სისტემის მეშვებით გამოქვეყნდება. აღნიშნული დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება ოფიციალურ გამოქვეყნებად ჩაითვლება.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, აღნიშნული სისტემის მიზანია მოვალეს, კრედიტორებს, სასამართლოს, მომრიგებელ საბჭოს, მეურვესა და გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესი გაამარტივოს.
მათი თქმით, გარდა ინფორმაციის გაცვლისა, სისტემა ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაამარტივებს, რადგან მთელ რიგ საკითხებზე სისტემა შესაძლებელს გახდის თანხმობის გამოხატვას ონლაინ რეჟიმში. ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესაძლებელი იქნება კორესპონდენციის გაგზავნა-მიღებაც, ხოლო პროგრამიდან გაგზავნილი ან მიღებული წერილი ოფიციალურად გაგზავნილად და ჩაბარებულად ჩაითვლება.