სამართალდამცველებმა 13 ივნისს ჩადენილი დანაშაული გახსნეს. შსს-ის ინფორმაციით, 13 ივნისს, შსს ქვემო ქართლის რეგიონის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოში მოქალაქე ჰიჯრან ალიევისა და ჰაბილ ბაშაევის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2009 წლის დასაწყისში, წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევმა, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ვალერი გაბელიამ, ჰიჯრან ალიევისა და ჰაბილ ბაშაევისგან, მათი ნდობის ბოროტად გამოყენებით, თაღლითურად მიისაკუთრა 10.000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც დაჰპირდა, რომ მათი ნათესავი, ნასიმ იბრაგიმოვი, გავლენიანი ნაცნობობის მეშვეობით შესაწყალებელ პირთა სიაში მოხვდებოდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ა/წ 23 ივნისს, ვალერი გაბელია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ დაკავებულ იქნა ბრალდებულის სტატუსით.