"სახალხო კრება" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიზანია ნებისმიერ ფასად გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. ის არც ადრე და მითუფრო არც ახლა, როდესაც ორიოდე თვე დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე, არ ერიდება საკუთარი მოქალაქეების დატერორებას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აცხოვროს ქვეყნის მოსახლეობა იმ ვირტუალურ რეალობაში, რომელსაც უკვე მრავალი წელია წარმატებით ქმნის საერთონაციონალური მაუწყებლობის ტელევიზიების მეშვეობით.
რეჟიმის მხრიდან მოქალაქეებისათვის ალტერნატიული ინფორმაციის მიღების მიზანმიმართული შეზღუდვა, ტყუილის პროპაგანდა, მედიაზე ზეწოლა, ბიზნესის დატერორება, უკანონო დაპატიმრებები, უსამართლო სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სულ უფრო ხშირდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად და უკიდურესად კრიტიკულს ხდის ისედაც მძიმე საარჩევნო გარემოს.
„გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" ფუნქციონირების შეჩერება და ქონების დაყადაღება, კიდევ ერთხელ ადასტურებს „სახალხო კრების" მიერ არაერთგზის გაცხადებულს, რომ ოპოზიციის კონსოლიდირებული ბრძოლის გარეშე შეუძლებელია მოქმედი რეჟიმის დამარცხება. უკვე წელიწადზე მეტია „სახალხო კრების" ძვირადღირებული ქონება ხელისუფლებას აქვს გატაცებული და ამ ფაქტთან დაკავშირებით სამწუხაროდ, პრაქტიკულად არც ერთი ოპოზიციური ძალის მხრიდან ელემენტარული სოლიდარობა არ დაფიქსირებულა.
„სახალხო კრება" კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა რეალურად ოპოზიციურ ძალას მაქსიმალურად კოორდინირებული, შეთანხმებული მოქმედებებისაკენ. მოვუწოდებთ საზოგადოებას - ხალხს, იყვნენ კიდევ უფრო სოლიდარულნი ერთმანეთისადმი, ვინაიდან მხოლოდ ერთობითა და ოპოზიციურ ძალთა სოლიდარობითაა შესაძლებელი უსამართლო ხელისუფლების დამარცხება და ქვეყნის გამარჯვება.