მსოფლიოსა და ევროპის სამ-სამგზის ჩემპიონმა გერმანიამ ნახევარფინალში თამაშის უფლება საბერძნეთის ძლევით მოიპოვა. იოახიმ ლიოვის შეგირდებმა, მხოლოდ ხუთიოდე წუთით დააყენეს ეჭვქვეშ საკუთარი სიძლიერე. სწორედ ამდენ ხანს შენარჩუნდა ტაბლოზე 1:1, რომელიც სალპინგიდისის ფლანგური გადაცემის შემდეგ სამარასმა დააფიქსირა. სხვათა შორის, სალპინგიდისი ელადელთა უდავოდ საუკეთესო მოთამაშე გახლდათ ამ ჩემპიონატზე - კაცმა 2 გოლი გაიტანა, ამდენივე საგოლე პასი მიითვალა და ერთხელ პენალტიც მოინადირა.
გერმანელებს რაც შეეხებათ, მათ მეოთხედფინალიდან ფინალისკენ ნაბიჯი, დამაჯერებელ, აუღელვებელ სტილში მოიპოვეს. ლიოვმა კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რომ ბუნდესნაკრებს დიდი პერსპექტივა აქვს. ახლო მომავალში გაიელვებს გერმანული მანქანა ევროპული ფეხბურთის ცაზე, თუ ცოტა კიდევ დააგვიანდება, ამას 28 ივნისს, ვარშავაში გავიგებთ. სწორედ ამ დღეს დაუპირისპირდება გერმანია მეორე ნახევარფინალში, ინგლისსა და იტალიას შორის გამარჯვებულს.
მანამდე კი, 34 წლის მეგოლე მიროსლავ კლოზემ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საყოველთაო გერმანული სანაკრებო რეკორდის მოხსნისგენ. ვეტერანი ფორვარდის მიერ ბერძენთა კარში შესრულებული ზუსტი თავური, მისთვის ბუნდესგუნდის სახელით გატანილი 64-ე გოლი გახლდათ. რეკორდსმენ გერდ მიულერს 68 გოლი 62 მატჩში აქვს გატანილი და ეს რეკორდი 1974 წლის შემდეგ ხელუხლებელია. სათქმელია, რომ კლოზემ მისი სანაკრებო ნადავლი 120 მატჩში (მასზე მეტი (150) გერმანელთაგან მხოლოდ ლოთარ მათეუსს აქვს ნათამაშები) შეაგროვა.
გერმანია - საბერძნეთი 4:2 (1:0)
გდანსკი. 22 ივნისი, 2012. „არენა გდანსკი". 55590 მაყურებელი. 22:45
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ბოატენგი, ჰუმელსი, ბადშტუბერი, ლამი, შვაინშტაიგერი, ხედირა, როისი (გიოტცე, 80), იოზილი, შურლე (მიულერი, 67), კლოზე (გომესი, 80).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.
საბერძნეთი (4-2-3-1): სიფაკისი, ტოროსიდისი, პაპასტათოპულოსი, კირიაკოს პაპადოპულოსი, ცაველასი (ფოტაკისი, 46), მაკოსი (ლიბეროპულოსი, 72), მანიატისი, ნინისი (გეკასი, 46), კაცურანისი, სამარასი, სალპინგიდისი.
მთავარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.
გაფრთხილებები: სამარასი (14), პაპასტათოპულოსი (75).
გოლები: 1:0 ლამი (39), 1:1 სამარასი (55), 2:1 ხედირა (61), 3:1 კლოზე (68), 4:1 როისი (74), 4:2 სალპინგიდისი (89, პენ.).
მსაჯები: დამირ სკომინა; პრიმოჟ არჰარი, მატეი ჟუნიჩი; სლავკო ვინჩიჩი, მატეი იუგი (ყველა სლოვენია); სტეფან ლანუა (საფრანგეთი).
დარტყმა 15 (8)-7 (5); ჯარიმა 8-10; კუთხური 10-1; თამაშგარე 5-2; ბურთის ფლობა 70%-30%; სეივი 3-4.