საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებს.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამართული დებატებისას, დარჩიაშვილმა განაცხადა, არიან ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლების არც ერთი ნაბიჯი არ მოსწონთ, რადგან თვითონ ხელისუფლებაში არ არიან.
,,თუმცა, მთავარი ის არის, რომ ,,ქრისტიან-დემოკრატების,, პროექტები რეალისტური არ არის. კოოპერაციებისთვის 3 მილიარდის გასროლა, საბოლოოდ, კორუფციით დამთავრდება. ამის ნაცვლად, ზუსტად უნდა იყოს გათვლილი, სოფლის მეურნეობის სფეროში რისი ათვისება შეიძლება."- აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის,, პარლამენტში „ქართული ოცნების" წარმომადგენლობაა.
,,რასაც ბატონი მამრაძე და შემდეგ ჯონდი ბაღათურია საუბრობენ, ერთი - უტიფრობაა და მეორე დეზინფორმაცია. ტერმინი - „დეზინფორმაცია" რუსეთში შეიქმნა და შემდეგ საერთაშორისო არენაზე დამკვიდრდა. მისი არსი ის არის, რომ ინფორმაციის ობიექტურ ნაწილს იღებ და მას კონტექსტიდან ამოგლეჯილად, რასაც გინდა, დაამატებ. ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ხელში რაღაც გიჭირავს. ამის კლასიკური მაგალითები მამრაძსა და ბაღათურიას გამოსვლები იყო," -არნიშნა დარჩიაშვილმა.
მისი განმარტებით, პეტრე მამრაძემ ტალიავინის დასკვნის შესახებ, ცალმხრივად ისაუბრა. ჯონდი ბაღათურია კი ციდან ჩამოვარდნილ 25 000 თურქი ეროვნების მოქალაქის შესახებ საუბრობს.
,,ბაღათურიას ლაპარაკის მთელი სტილი დეზინფორმაციას და უტიფრობას გასცდა. კანონი მიუთითებს, რომ ქსენოფობიური და ეთნიკური ნიშნით შუღლის ჩამომგდები განცხადებების გაკეთება დაუშვებელია. ამას დეზინფორმაცია ემატება: ბაღათურიამ აჭარაში 25 000 ახალი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია გაუგებარია, საიდან მოიტანა. სინამდვილეში, საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა დაახლოებით, 2000 უცხოელმა მიიღო. აჭარასა და მთელს საქართველოში ბევრი ტურისტი ჩამოდის. თუ ბაღათურია იტყვის, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, შეიძლება ვინმემ დაუჯეროს", - დასძინა დეპუტატმა.