,,ეროვნულ დემოკრატიული პარტიის,, წევრმა გურამ ჩახვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს პეტრე მამრაძეს საკუთარი ბიოგრაფია შეახსენა.
მას შემდეგ, რაც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მამრაძემ პრეზიდენტი მიხეილი სააკაშვილი სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის განხორციელებაში დაადანაშაულა, ჩახვაძემ მას რუპორი უწოდა.
„მამრაძე არის რუპორი და მან უნდა თქვას ვისგან მოდის ეს. იგი თავს კომფორტულად გრძნობდა, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლების დროს კანცელარიას ხელმძღვანელობდა. მამრაძე თავს კარგად გრძნობდა სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც, რადგან ის 2008 წელს ნაციონალური მოძრაობის სიით მოვიდა პარლამენტში. მთელი მსოფლიო და საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და მამრაძისთვის კომპეტენტური რუსეთია", - განაცხადა ჩახვაძემ.
მან კოალიაცია ,,ქართული ოცნების,, ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იგი ალტერნატივად ნატოს ან რუსეთს მიიჩნევს.
,,იგი აცხადებს, რომ თუ საქართველო რუსეთისკენ წავა, ტერიტორიებს დაიბრუნებს, რაც პოლიტიკური სპეკულაციაა. ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს არ ემსახურება ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას,, - დასძინა ჩახვაძემ.