ფარაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის,, წევრის პეტრე მამრაძის განცხადებით, საქართველოში ავტორიტარული კლეპტოკრატია სუფევს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ერთ-ერთი ცნობილი ინგლისურენოვანი მოღვაწის შეფასებით, ფსიქოპატია, რომელსაც ჩეკისტი პუტინი იოლად იყენებს.
მამრაძის განცხადებით, 2008 წლის 17 აპრილს აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ჯონ ტეფტმა, სააკაშვილს პრეზიდენტ ბუშის წერილი გადასცა და აშშ-ს პოზიცია დააფიქსირა იმის შესახებ, რომ თუ სააკაშვილი დაიწყებდა სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურას, ის მარტო დარჩებოდა და არავინ დაეხმარებოდა.
„ასეთია სინამდვილე, რომლის შედეგად საქართველომ დაკარგა ახალგორის რაიონი და ქსნის ხეობა, ასევე კოდორის ხეობა, ტერიტორიით აფხაზეთის მესამედი, რომელზედაც სააკაშვილი აცხადებდა, რომ ეს ის პლაცდარმია, საიდანაც სოხუმი ხელის გაწვდენაზეა და აფხაზეთის მთავრობას ეუბნებოდა, მალე ყველანი სოხუმში გადახვალთო. სააკაშვილი ხალხს პირდებოდა თუ მას მეორე ვადით პრეზიდენტად აირჩევდნენ საქართველოს გამთლიანება გარანტირებულია. თუმცა დღეს ყველამ იცის რა მდგომარეობაში არიან ახლა წეროვანის გეტოში დევნილები", - განაცხადა მამრაძემ.
მისივე თქმით, როცა საუბარია საქართველოში არსებულ რეჟიმზე, აინტერესებთ კერძოდ რა რეჟიმზეა საუბარი.
"ჩემი, როგორც მეცნიერის შეფასებაა, რომ რეჯიმს, რომელიც დღეს საქართველოში სუფევს ეწოდება - ავტორიტარული კლეპტოკრატია, ანუ ხაზინის ქურდების ავტორიტარული რეჟიმი", - დასძინა დეპუტატმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სხდომის წამყვანმა გიგი წერეთელმა მამრაძეს მიმართა, რომ მისი ასეთი შეფასებები არ სმენია, როცა ეს მოვლენები ხდებოდა და იგი თავად იყო ხელისუფლებაში. უმრავლესობის წევრმა ელდარ კვერნაძემ კი მამრაძეს ტრიბულინად ჩამოსვლის შემდეგ მოღალატე უწოდა.