"საქსტატი" 2012 წლის I კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ 6,8 პროცენტი, ხოლო დეფლატორის _ 1,7 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 5 660,9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 8,7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზ. შტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (18,2 პროცენტი), შემდგომ პოზიციებს იკავებს: ვაჭრობა (15,6 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (10,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,6 პროცენტი) და ჯანდაცვა (6,5 პროცენტი).
"საქსტატის" ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (26,3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (20,4 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (16,7 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (9,4 პროცენტი), ტრანსპორტი (8,6 პროცენტი). ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: კავშირგაბმულობა (7,8 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,8 პროცენტი), ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (6,4 პროცენტი), ვაჭრობა (6,3 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (6,0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (3,8 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა (3,1 პროცენტი), განათლება (2,2 პროცენტი).
ხოლო კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (4,1 პროცენტი), შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავება (1,4 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის I კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილმა მთლიანი დამატებული ღირებულების რეალურმა ზრდამ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26,3 პროცენტი შეადგინა. ზრდის ტენდენცია განპირობებულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში მიმდინარე შენობა-ნაგებობების, სარკინიგზო და საავტომობილო გზების მშენებლობის მასშტაბური პროექტებით. დამამუშავებელ მრეწველობაში მაღალი ზრდის ტემპები წარმოადგენს კვების პროდუქტების, ღვინის, სამშენებლო მასალებისა და ქიმიური პროდუქტების წარმოების მნიშვნელოვანი განვითარების შედეგს.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სფეროს განვითარებამ განაპირობა დამატებული ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა ტურიზმთანდაკავშირებულ საქმიანობებში (სასტუმროები, რესტორნები, სამგზავრო ტრანსპორტი და სხვა).