ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთდღიანი ვიზიტით მყოფი ჩეხეთის ელჩი საქართველოში, ივან ესტრაბი, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ელჩისა და ე.წ. პრემიერ-მინისტრის შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ დასწრებიან. შეხვედრა დახურული იყო.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრა მისთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. მან მიიღო უზარმაზარი ინფორმაცია, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკაში თავის ხელისუფლებას გადასცემს.
"ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ ბევრი რამ არ იცის იმის შესახებ, თუ რა ხდება აფხაზეთში, რა გჭირდებათ და როგორ შეგვიძლია დახმარება", _ განაცხადა ელჩმა სოხუმში.
თავის მხრივ, ე.წ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ელჩთან ძალიან გულწრფელი საუბარი ჰქონდა. "საუბარი მიდიოდა არსებული სტუქტურების ფარგლებში ურთიერთობების დამყარებაზე. ჩვენ გვქონდა საშუალება, წარმოგვედგინა ჩვენი ხედვა ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობების საკითხში. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთს ამის გაკეთების საშუალება სხვაგან არ აქვს, ასეთი შეხვედრები უნდა გამოვიყენოთ", - აცხადებს ლაკერბაიამ და აღნიშნა, რომ რაც შეეხება ურთიერთობების განვითარებას ჩეხეთსა და აფხაზეთს შორის, ეს მხოლოდ პირდაპირი გზით შეიძლება მოხდეს და არა საქართველოს გავლით.
მისი თქმით, შეხვედრისას ელჩს არ უხსენებია საქართველოს სტრატეგია აფხაზეთის ჩართულობის შესახებ, თუმცა "საქმე ისაა, რომ ჩეხეთი იყო მეორე ქვეყანა, რომელმაც იაპონიის შემდეგ აღიარა ქართული ე.წ. ნეიტრალური პასპორტები და მას ვუთხარი, რომ უკეთესი იქნებოდა, მანამ ჩამოსულიყო აფხაზეთში, ვიდრე ამგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაძლოა, ის არც მიეღოთ. იმედს ვიტოვებ, რომ ამას გაიგებენ",_ აცხადებს ლაკერბაია.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის დელეგაცია აფხაზეთში 16 ივნისიდან იმყოფება.