ჩეხეთი აფხაზეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით დაინტერესებულია. განცხადება ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფმა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში ივან ესტრაბმა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერთან ვალერი ბგანბასთან შეხვედრისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ელჩმა განაცხადა, რომ ჩეხური მხარე დაინტერესებულია აფხაზეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით. პოლიტიკური დიალოგი და კითხვაზე პასუხის გაცემა - რით შეიძლება ჩეხეთი აფხაზეთს დაეხმაროს - ასე განმარტა დიპლომატმა აფხაზეთში თავისი ვიზიტის მიზანი ", _ წერს აფხაზური მხარე.
"გულწრფელად გეტყვით, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით აფხაზეთზე და ჩვენი ვიზიტის მიზანი არის კიდეც ამ დეფიციტის შევსება. ძალიან მიხარია, რომ პროგრამა მომზადებულია ისე, რომ ჩვენ შევძელით შევხვედროდით ყველა ლიდერს იმისათვის, რომ გაგვეგო რითი ცხოვრობს აფხაზეთი", _ განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის დელეგაცია აფხაზეთში 16 ივნისიდან იმყოფება. მათ უკვე გამართეს შეხვედრები აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან და ე.წ. პრემიერ მინისტრს შეხვდნენ.