ხვალიდან, 19 ივნისიდან, ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმაატა- თბილისის მიმართულებით, მე-4 სიხშირეს დაამატებს. რეისი ყოველ სამშაბათს 97-ადგილიანი, ემბრაერ 190 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება, ეკონომკლასის ორი გზის ბილეთის ღირებულება 266 ევროდან დაიწყება. თბილისი-ალმაატის მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 3 საათსა და 35 წუთს შეადგენს.
ავიაკომპანია Air Astana- მ თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელება 2011 წლის 2 ივნისიდან დაიწყო და თავდაპირველად, ფრენას ალმატა-თბილისის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ, ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს ახორციელებდა. 1 წლის განმავლობაში ავიაკომპანია დაახლოებით 20.000-მდე მგზავრს მოემსახურა.
"დროის მოკლე პერიოდში, თბილისი-ალმაატის რეისმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ჩვენს მომხმარებელში, რასაც გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობაც ადასტურებს. თავისი უნიკალური არქიტექტურით, თვალწარმტაცი ბუნებითა და უგემრიელესი სამზარეულოთი, საქართველო ერთ-ერთ მიმზიდველ მიმართულებად იქცა ყაზახეთისა და დსთ-ის სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის. Air Astana-მ თავისი გონივრული მარკეტინგული აქციებით, ხელი შეუწყო ყაზახი ტურისტების დაინტერესებას საქართველოთი. თავის მხრივ, საქართველოდან ყაზახეთში ჩამოსულ მგზავრებს საშუალება ეძლევათ ტიან-შანის თვალუწვდენელი მთათა სისტემითა და ყაზახეთის უნიკალური ტბების სილამაზით დატკბნენ. ამას გარდა, Air Astana მგზავრებს საუკეთესო ტრანზიტულ მიმართულებებს სთავაზობს ბიშკეკის, დელის, ბანკოკის, ურუმჩის, პეკინის და მალე, უკვე ჰონკონგის მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ თბილისი-ალმაატის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს უკვე, Skytrax -ის მიერ მონიჭებულ 4-ვარსკვლავიან მომსახურებას გავუწევთ", - განაცხადა Air Astana-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა იბრაჰიმ კანლიელმა.
"რეგულარული რეისი ყაზახეთსა და საქართველოს შორის ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის განვითარებას. ის ფაქტი, რომ მე-4 სიხშირეს ვამატებთ, იმაზე მეტყველებს, რომ ალმაატა-თბილისის მიმართულება მგზავრებში საკმაოდ პოპულარულია. იმედი გვაქვს, რომ ეს რეისი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას და თბილისი-ალმაატის რეისის ყოველდღიურად შესრულებას", - განაცხადა Air Astana-ს რეგიონალურმა მენეჯერმა საქართველოში სერგალი ამირბეკოვმა.