საბერძნეთში საპარალამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობას 21 პოლიტიკური პარტია იღებს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება.
საბერძნეთში მიმდინარე არჩევნებს დიდი ინტერესით აკვირდებიან არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, არამედ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ქვეყნები.
არჩევნების შედეგებზე ბევრად იქნება დამოკიდებული ევროზონის ბედი და, შესაბამისად, მსოფლიოს ეკონომიკური მდგრადობის პერსპექტივები.
ეგზიტპოლების პირველი მონაცემები და ოფიციალური შედეგები 21:00 საათისთვის გახდება ცნობილი.
გამარჯვების საუკეთესო შანსი ორ პარტიას აქვს - კონსერვატორულ "ახალ დემოკრატიას" და "სრულიად საბერძნეთის სოციალისტურ მოძრაობას".
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საკმაოდ დიდია მემარჯვენე ნაციონალისტების, კომუნისტური პარტიისა და კოალიცია "სირიზას" პარლამენტში მოხვედრის ალბათობა.
შეგახსენებთ, რომ მაისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. პარტიებმა კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმებაც ვერ შეძლეს.