ბერძნების 35 წლის კაპიტანმა გიორგიოს კარაგუნისმა, ელადელთა საფეხბურთო ისტორიაში მორიგი საამაყო ფურცელი ჩაწერა. პირველი ტაიმის ბოლო წამებზე გატანილმა მისმა გოლმა, საბერძნეთის ნაკრები ევრო-2012-ის პლეი ოფში გაიყვანა. ამ ფორმაციის ნაკრებისთვის, ეს წარმატება 2004 წლის (მაშინ ოტო რეჰაგელის გაწვრთნილი ბერძნები ევროპის ჩემპიონები გახდნენ) ტრიუმფის ტოლფასად უნდა ჩაითვალოს.
რუსებთან მიმართებაში კი, რომ იტყვიან „სამართალმა პური ჭამა". ალბათ ვერ იფიქრებდა რუსთა კაპიტანი ანდრეი არშავინი, ბერძნებთან ასეთი დღე თუ დაადგებოდათ, თორემ ჯგუფის მეორე მატჩში პოლონელებთან (1:1) ბოლო წუთებზე, იმის ნაცვლად რომ, კიდევ შეეტია მეტოქისთვის, მინდორზე სიარულსა და უკან 50-მეტრიანი პასების გაკეთებას არ დაიწყებდა.
ის, რომ დიკ ადვოკატის გაწვრთნილებს ბერძნებზე საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ, ეს მატჩის ოქმის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია. აქ მთავარი ისაა, ტაბლოზე რა ეწერა შვედი არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ - 1:0 საბერძნეთის სასარგებლოდ.
სხვათა შორის, იგივე ოქმში ჩაიწერა, რომ რუსებთან მატჩის გმირმა კარაგუნისმა, 61-ე წუთზე სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. რუსთა საჯარიმოში შესული ელადელთა კაპიტანი იგნაშევიჩის ფეხს წამოედო და პენალტს ითხოვდა. შვედმა არბიტრმა, ვეტერანის ქმედებაში სიმულაცია დაინახა და გააფრთხილა. ეს ბარათი, კარაგუნისისთვის ჯგუფურ ტურნირში მიღებული მეორე სასჯელია და მას მომავალი მატჩის გამოტოვება მოუწევს.
მეოთხედფინალში საბერძნეთის ნაკრები B ჯგუფის პირველადგილოსანს დაუპირისპირდება. დიდი ალბათობაა, რომ იგი გერმანიის ნაკრები იქნება. თუმცა, ვინ იცის, საფეხბურთო ბურთი ხომ ისევ მრგვალია და ბოლო ტურში გერმანელთა მეტოქე დანიამ, ეს ჰოლანდიასთან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა ჯგუფისა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს 1:0 მოუგო.
საბერძნეთი - რუსეთი 1:0 (1:0)
ვარშავა. 16 ივნისი, 2012. „ნაციონალური". 55614 მაყურებელი. 22:45
საბერძნეთი (4-2-3-1): სიფაკისი, მანიატისი, ცაველასი, კირიაკოს პაპადოპულოსი, ტოროსიდისი, პაპასტათოპულოსი, კარაგუნისი (მაკოსი, 67), კაცურანისი, სამარასი, სალპინგიდისი (ნინისი, 83), გეკასი (ხოლებასი, 64).
მთავარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.
რუსეთი (4-3-3): მალაფეევი, ანიუკოვი (იზმაილოვი, 81), იგნაშევიჩი, ჟირკოვი, ალექსეი ბერეზუცკი, შიროკოვი, დენისოვი, ძაგოევი, გლუშაკოვი (პოგრებნიაკი, 72), არშავინი, კერჟაკოვი (პავლიუჩენკო, 46).
მთავარი მწვრთნელი: დიკ ადვოკატი.
გაფრთხილებები: კარაგუნისი (61), ანიუკოვი (61), ჟირკოვი (69), ძაგოევი (71), პოგრებნიაკი (90+2), ხოლებასი (90+3).
გოლი: 1:0 კარაგუნისი (45+2).
მსაჯები: იონას ერიკსონი; სტეფან ვიტბერგი, მატიას კლასენიუსი; მარკუს სტრიომბერგსონი, სტეფან იოჰანესონი (ყველა შვედეთი); ჰუსეინ გიოჩეკი (თურქეთი).
დარტყმა 5 (3)-18 (4); ჯარიმა 8-13; კუთხური 5-12; თამაშგარე 1-0; ბურთის ფლობა 38%-62%; სეივი 4-1.