ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველი მისტიკოსი პოეტის - ტერენტი გრანელის გაფართოებული საღამო გაიმართა, რომლის ორგანიზატორი მულტიმედია არტისტი გიორგი ბუნდოვანი იყო.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ პოეტი, რეჟისორი გიორგი ბუნდოვანი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მწერალი რეზო ადამია, მწერალი, პუბლიცისტი, პორტალ "ბურუსის" დამფუძნებელი თერნგიზ ვერულავა, მწერალი, ტერენტი გრანელის დის, ზოზიას შვილიშვილი მამანტი როგავა, როკჯგუფ "მემენტო მორის" დამფუძნებელი, მუსიკოსი მალხაზ კობერიძე, მთარგმნელი, ფილოლოგი, მეცნიერი ოქტაი ქაზუმოვი, პროზაიკოსი, პოეტი იკა ქადაგიძე, პროზაიკოსი, პოეტი მარსიანი, მთარგმნელი რუსუდან ჭანტურიშვილი.
ასევე შედგა გიორგი ბუნდოვანის ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი მინიფილმის "სადღაც შორს ნაპრალს ნისლი ეწვია..." - პრეზენტაცია. ფილმი აღწერს პოეტის ბიოგრაფიას და ეხმიანება სამხედრო თემატიკას.
"დღევანდელი ღონისძიება ემსახურება მნიშვნელოვან ფაქტს: რაც შეიძლება ბევრჯერ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ტერენტი გრანელი იყო უნიკალური ფენომენი, რომელიც მართლაც მისტიკოსი პოეტი გახლდათ. ღონისძიებისთვის მზადება ერთი თვეა მიმდინარეობს", - განაცხადა გიორგი ბუნდოვანმა.
ადამიას განცხადებით, "გიორგი ბუნდოვანი ერთ-ერთი " გრანელისტია". როცა ლექსებს წერდა, ტერენტის საფლავთან მიდიოდა და იქ კითხულობდა. ამხელა ფანტაზიის ბიჭია გიორგი. მან ბევრი რამ გვიამბო გრანელის თაობაზე. მე გრანელზე ორი წიგნი მაქვს დაწერილი, რომლებშიც ბევრი რამ ამ თაობების მონათხრობიდან გადმოვეცი".
როგორც გიორგი ბუნდოვანმა განაცხადა, ღონისძიების ირგანიზებაში დაეხმარნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი ნინო გედენიძე და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკლიძე.