ეგვიპტის პარტია "ძმები მუსულმანების" მომხრეები აცხადებენ, რომ ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ეგვიპტის "მყიფე დემოკრატია" საფრთხის ქვეშ დგას.
სასამართლოს მიერ ქვეყანაში გამართული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობამ და ქვედა პალატის დაშლის მოთხოვნამ "ძმები მუსულმანების" მომხრეებში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.
მათი თქმით, თუ ქვეყანაში ხელისუფლება დაბრუნდება იმ ადამიანების ხელში, რომლებიც დამხობილ პრეზიდენტ, ჰოსნი მუბარაქს, უკავშირდებიან, ქვეყანას "საშიში დღეები" ელოდება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში"ძმები მუსულმანების" კანდიდატი მუჰამედ მუსრი ყოფილ პრემიერ-მინისტრს აჰმედ შაფიკს დაუპირისპირდება. სწორედ ამ ფონზე სასამართლოს გადაწყვეტილებამ ქვეყანაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ეგვიპტეში გამართული პირველი თავისუფალი არჩევნების შედეგად, დეპუტატებს მესამედმა პარლამენტში ადგილები უკანონოდ მოიპოვა, ამის გამო კი ქვედა პალატა დათხოვნილ უნდა იქნას.
ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, ქვეყანაში ხელისუფლება კვლავ შეიარაღებული ძალების სამხედრო საბჭოს დაუბრუნდება.
სასამართლომ ასევე კანონიერად ცნო ექს-პრემიერის აჰმედ შაფიკის უფლება კენჭი იყაროს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე.