ფიროსმანის ქუჩაზე, 29 ნომერში, ეზოში, სადაც მხატვარი ნიკო ფიროსმანი ცხოვრობდა, გაიმართა ზაალ სულაკაურის სტუდიის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა "ნიკალა და ბავშვები", რომელიც ფიროსმანის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.
როგორც ზაალ სულაკაური აცხადებს, ბავშვები გამოფენისთვის დაახლოებით ერთ თვეს ემზადებოდნენ. გამოფენა ერთდღიანია და ამ ეზოში პირველად ტარდება.
გამოფენას ესწრებოდნენ ხელოვანები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. როგორც მუსიკოსმა თემურ წიკლაურმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, ბავშვებმა თავიანთ ნაშრომებში ფიროსმანის სული გადმოსცეს.
"დიდი შემფასებელი არ ვარ, მაგრამ იმას მაინც ვხედავ და ვაფასებ, რამხელა სულია ამ ნახატებში ჩადებული. ეს დიდი სასწაულია, რაც ზალიკოს დამსახურებაა", - განაცხადა მან.
სტუდიის ბავშვებს ნიკო ფიროსმანაშვილის მემკვიდრეობის ფონდისა და ზაალ სულაკაურის მიერ მოწყობილ ერთობლივ გამოფენაში მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ.
სულაკაურის განცხადებით, შემდეგი გამოფენა შემოდგომაზე მირზაანში გაიმართება.