გერმანიის ნაკრებმა ჰოლანდიელების 2:1 დამარცხების შემდეგ დაამტკიცეს თავისი სტატუსი, რომ ისინი ნამდვილად ფავორიტები არიან ევრო-2012-ზე. იოახიმ ლიოვმა, როგორც მოსალოდნელი იყო არ შეცვალა სასტარტო შემადგენლობა და ამის საბაბი, პორტუგალიასთან მოგების შემდეგ ნამდვილად ჰქონდა.
მატჩი ჰოლანდიელების უპირატესობით დაიწყო და პირველი 30 წუთის განმავლობაში ბურთს მეტწილად ისინი აკონტროლებდნენ. თუმცა, პირველი სახიფათო მომენტი გერმანელებმა შექმნეს. მე-7 წუთზე აუტიდან მოწოდებული ბურთი ვან ბომელმა საჯარიმოდან ცუდად გამოიტანა და იოზილს ჩაუვარდა, რომელმაც კარგად დაარტყა. იღბალი „ნარიჯისფერების" მხარეს აღმოჩნდა და კარი ძელმა იხსნა.
ჰოლანდიელები, ბურთის ფლობის კარგი მაჩვენებლის მიუხედავად, გადამყვეტ მომენტებს ვერ იყენებდნენ და მოედნის ცენტრში დიდ სივრცეს ტოვებდნენ. 24-ე წუთზე ბუნდესგუნდმა ისარგებლა ჰოლანდიელების შეცდომით. მიულერმა მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში შვაინშტაიგერს გადააწოდა, „ბაიერნის" ნახევარმცველმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა საჯარიმოში მყოფ გომესს, რომელმაც ბურთი ბრწყინვალედ გაისწორა და მეკარისგან შორეულ კუთხეში დაარტყა - 1:0.
გერმანელები მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. თამაშის 30-ე წუთზე იოზილის სტანდარტულს პირველი ბადშტუბერი გამოეხმაურა თავით, მაგრამ ამჯერად სტეკელენბურგმა სასწაულებრივად შეძლო ბურთის მოგერიება. ტაიმის ბოლოს კვლავ ბრწყინვალედ იმოქმედა გომესმა, რომელმაც ბურთი ჰოლანდიელი კიპერისაგან მარჯვენა მაღალ კუთხეში გაგზავნა - 2:0. ეს გერმანელთა ფორვარდის მე-3 გოლია მიმდინარე ევროზე.
მეორე ტაიმში ვან მარვიიკს უკან დასახევი გზა არ ჰქონდა და დასაწყისშივე მოედანზე ჰუნტელაარი და ვან დერ ვარტი გამოიყვანა, რომლებმაც ვან ბომელი და აფელაი შეცვალეს. ამით ჰოლანდიის ნაკრები კიდევ უფრო შემტევი გახდა.
გერმანელებს არც აღიზიანებდათ ის, რომ ბურთს უფრო მეტად ჰოლანდიელები ფლობდნენ, რადგან მათი კონტრშეტევები უფრო მწვავე ხასიათს ატარებდნენ.
52-ე წუთზე ჰუმელსმა თავის თავზე აიღო თამაში, მიუახლოვდა მოწინააღმდეგის საჯარიმოს და დაარტყა, მაგრამ მატჩში უკვე მერამდენედ სტეკელენბურგი ჩაერთო.
ჰოლანდიელების რამდენიმე სახიფათო მომენტის გახსენებაც შეიძლება. ვან პერსის საშუალო დისტანციიდან და სნეიდერის ძელთან ახლოს დარტყმულები. აი, 73-ე წუთზე კი, „ნარინჯისფერებმა" შეძლეს ოდნავ გამოფხიზლებულიყვნენ. რობინ ვან პერსიმ მარცხენა ფლანგიდან ცენტრში შეიწია, მიუახლოვდა საჯარიმოს და მეკარისგან შორეულ კუთხეში ბრწყინვალედ დაარტყა - 1:2.
გატანილი გოლის შემდეგ ჰოლანდია გააქტიურდა და მწვავედაც უტევდა, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. ნიდერლანდებმა სასიცოცხლო მნიშვნელობის ქულები დაკარგა. საბოლოოდ 2:1 გერმანიის სასარგებლოდ.
ჰოლანდია - გერმანია 1:2 (0:2)
ხარკოვი. 13 ივნისი, 2012. „მეტალისტი". 37750 მაყურებელი. 22:45
ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი, ვილემსი, მატეისენი, ჰეიტინგა, ვან დერ ვილი, ვან ბომელი (ვან დერ ვარტი, 46), დე იონგი, აფელაი (ჰუნტელაარი, 46), სნეიდერი, რობენი (კუიტი, 83), ვან პერსი.
მთავარი მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიიკი.
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ბადშტუბერი, ჰუმელსი, ბოატენგი, შვაინშტაიგერი, ხედირა, პოდოლსკი, იოზილი (კროსი, 81), მიულერი (ლარს ბენდერი, 90), გომესი (კლოზე, 72).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.
გაფრთხილებები: დე იონგი (80), ბოატენგი (87), ვილემსი (90).
გოლები: 0:1 გომესი (24), 0:2 გომესი (38), 1:2 ვან პერსი (73).
მსაჯები: იონას ერიქსონი, შტეფან ბიტბერგი, მატიას კლასენიუსი, მარკუს სტრემბერგსონი, სტეფან იოჰანესონი (ყველა შვედეთი), ტომ-ჰარალდ ჰაგენი (ნორვეგია).
დარტყმა 9 (4)-9 (7); ჯარიმა 12-7; კუთხური 6-5; თამაშგარე 1-4; ბურთის ფლობა 54%-46%; სეივი 5-3.
1. გერმანია
2 2 0 0 3:1 6
2. პორტუგალია
2 1 0 1 3:3 3
3. დანია
2 1 0 1 3:3 3
4. ჰოლანდია
2 0 0 2 1:3 0