სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია აგროტურში მონაწილე მცირე და საშუალო ფერმერებს სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში შეხვდა. სოფელ საქობოში 25 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებული ზეთისხილის პლანტაცია შპს „ჯეოლაივის" საკუთრებაა. კლიმატური პირობების გათვალისწინებით, კახეთის რეგიონი ზეთისხილის მოსაყვანად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. მსოფლიო ბაზარზე მზარდი მოთხოვნის მქონე მცენარე პირველ მოსავალს 5 წელიწადში იძლევა. 2014 წლისთვის შპს „ჯეოლაივი" ზეთისხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს. წარმოების მიერ დამზადებული სხვადასხვა დასახელების ქართული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. სეზონურად ზეთისხილის პლანტაციაში 40-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
ზაზა გოროზიამ ფერმერთათვის პრეზენტაცია გამართა და მათ სამინისტროს მიერ აგრარულ სფეროში დანერგილ სიახლეებსა და იმ ინოვაციურ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მინისტრმა ფერმერების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
სოფელ საქობოში გაშენებული ზეთისხილის პლანტაციის გარდა აგროტურის მონაწილეებმა ლაგოდეხის მარცვლეულის საშრობი, ტიბაანის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი და ჩალაუბნის მექანიზაციის სერვის ცენტრიც მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ სამინისტროს ხელშეწყობით დანერგილ საწარმოო და ტექნოლოგიურ სიახლეებს.
მასალის გამოყენების პირობები