ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურების შიდა აუდიტორების გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა. ტრეინინგი აკადემიაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და ჰარმონიზაციის ცენტრის ინიციატივით განხორციელდა. სასწავლო კურსის მიზანი სახელმწიფო ორგანიზაციებში შიდა აუდიტის დეპარტამენტების განვითარების ხელშეწყობა და მუშაობის პროცესის ეფექტურობის ზრდაა. პროგრამა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის შიდა აუდიტის ტრეინინგი 20-ამდე საჯარო სამსახურის 25-მა წარმომადგენელმა გაიარა. კურსს პროექტის ფარგლებში მოწვეული გერმანელი ექსპერტები ატარებდნენ.
სასწავლო პროგრამის გავლის შედეგად მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო გამოცდილებას და შეისწავლეს მათთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სამართლებრივი საფუძვლები და სტანდარტები, წინასწარი კვლევა, აუდიტის მომზადება, აუდიტის დაწყება, მეთოდები, დასრულება და სხვა.
კურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ მონაწილეებს აკადემიის სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის ფარგლებში შიდა აუდიტის ტრეინინგების მეორე ეტაპი ჩატარება მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.