დღეს, 13 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს შემოსავლების სამსახური, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) რეგიონული კონკურენტუნარიანობის ინიციატივა (RCI), ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) სასტუმროში "რადისონ ბლუ ივერია" მასპინძლობენ რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის ორდღიან კონფერენციას. ღონისძიების მიზანია არსებული პრაქტიკის გაზიარება და იმ თანამედროვე ტექნოლოგიების განხილვა, რომლებიც ხელს შეუწყობენ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ვაჭრობას.
კონფერენციას დაესწრება 100-მდე სტუმარი საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი, სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი, სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო, თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის სამინისტრო, უკრაინის საბაჟოს საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი კერძო სექტორის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე განხილული იქნება ვაჭრობის ხელშეწყობის თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა ერთი ფანჯრის პრინციპი, Tradenet, ASYCUDA World და მათი შესაბამისობა რეგიონის ქვეყნებისთვის.