სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავთა მიერ ჩატარებული ე.წ ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, აფხაზეთის საგამოძიებო სამმართველოს იზოლატორიდან, რომელიც გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში მდებარეობს, გაქცეული სამი პატიმრიდან ორი დააკავეს. დაკავებულები არიან ბაჩო ხაზალია და ბიძინა ხასია. ამჟამად აფხაზი ე.წ. სამართალდამცავები მესამე გაქცეულ პატიმარს ბადრი ხაზალიას ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის საგამოძიებო სამმართველოს იზოლატორიდან, რომელიც გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში მდებარეობს სამი პატიმარი - ბადრი და ბაჩო ხაზალიები და ბიძინა ხასია გაიქცა. ძმები ხაზალიები - გალის რაიონის სოფელ შაშიკვარას მაცხოვრებლები არიან და მათ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 19 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების ჩადენა - ყაჩაღური თავდასხმები და ადამიანების გატაცებები გალის რაიონში 2009 დან 2011 წლამდე.
მესამე პატიმარი ხასია ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშის მაცხოვრებელია და მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მას ბრალად ედება სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო კონტრაბანდა. ცნობილია ასევე, რომ გაქცევა ჯერ ჯერობით დაუდგენელი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული ზეწოლით მოხდა.
გაქცევისას ძმებმა ხაზალიებმა და ხასიამ მათ იზოლატორის თანამშრომელი დანით დაჭრეს. ასევე დაჭრეს მოქალაქე ადამირ მირცხულავა, რომლისთვისაც ავტომობილის წართმევას შეეცადნენ. საბოლოო ჯამში მათ ავტომობილი მოქალაქე მიხეილ სარაევს წართვეს თუმცა ამ ავტომობილით ავარიაში მოხვდნენ და ავტომობილი მიატოვეს.