მხატვართა კავშირის წევრის, საქართველოს და დაღესტნის სახალხო მხატვრის მანაბა მაგმედოვას შემოქმედების ამსახველი მესამე ალბომის პრეზენტაცია სექტემბერში დაღესტანში გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორმა მარიამ დავითაშვილმა განუცხადა, "მხატვრის ნახატების კრებულის პრეზენტაცია სექტემბრის ბოლოს დაღესტანში შედგება. მისი შემოქმედება ექსკლუზიურია და არ მეორდება, ფლობს 33 ტექნიკას, მუშაობს ხელით და უარს აცხადებს ლითონზე მუშაობაზე".
ალბომის მხატვრულ მაკეტში ასახული იქნება მხატვრის მოღვაწეობა საქართველოში და დაღესტანში. ალბომი გამოიცემა სამ ენაზე: ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
მანაბა მაგმედოვა არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენების მონაწილეა, როგორც საქართველოში , ასევე დაღესტანსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მხატვრის ნამუშევრების დიდი ნაწილი ინახება საქართველოსა და დაღესტნის მუზეუმებში, ასევე რუსეთის, ჩეხეთის, გერმანიის, უნგრეთის მუზეუმებში და სხვადასხვა კერძო კოლექციებში. მაგბედოვას პირველი ალბომი გამოცემულია რუსეთში 1970 წელს, მეორე ალბომი კი დაღესტანში - 1990წელს.
ალბომი თბილისის მერიის კულტურისა და ღონისძიებების ცენტრის და გამომცემლობა "პეგასის" მხარდაჭერით გამოიცემა.