ჟენევაში ჩატარებულ საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე კვლავ ღიად დარჩა ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრების განახლების საკითხი და ამ საკითხთან მიმართებაში ვერავითარი პროგრესის მიღწევა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. განცხადება ამის შესახებ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ ვერ მოხერხდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების განახლება პასუხისმგებლობა შედეგებზე რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის მარიონეტულ რეჟიმს დაეკისრება.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ აფხაზმა სეპარატისტებმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ანჟეი ტიშკევიჩი არ დაუშვეს და ის აფხაზეთის ტერიტორიაზე "არასასურველ პერსონად" გამოაცხადეს. სეპარატისტები ტიშკევიჩს მიკერძოებულობაში და აფხაზეთის მიმართ უდიერ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ. თავიანთი პოზიცია სეპარატისტებმა ჟენევაშიც დაადასტურეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, ტომ ტიშკევიჩთან მიმართებაში მათი პოზიცია უცვლელია.