შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში, 3 დღიანი, საერთაშორისო ტრენინგ-კონფერენცია გახსნა. ღონისძიების ფარგლებში, ქართველი, უკრაინელი, სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი მედიკოსები ყელ-ყურ-ცხვირის ენდოსკოპიური ქირურგიისა და შუა ყურის მიკროქირურგიის თანამედროვე მეთოდებს დაეუფლებიან. სწავლებას გერმანიის ქალაქ დრეზდენის უნივერსიტეტის, პროფესორები ატარებენ, რომლებიც კოლეგებს გამოცდილებასა და ამ სფეროში არსებულ მიღწევებს გააცნობენ.
ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნული ცენტრი პირველია საქართველოში, სადაც ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების ურთულესი ოპერაციები ტარდება. მათ შორის, კოხლეარული იმპლანტაცია, რაც სმენისა და მეტყველების პრობლემის გადაჭრის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. ამ უნიკალური ოპერაციის ღირებულება საკმაოდ მაღალია და აქამდე ის ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი არ იყო.
ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რაც სახელმწიფოს მიერ ძვირადღირებული კოხლეარული იმპლანტის შეძენას, ოპერაციისა და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს.
აქამდე პროგრამით მხოლოდ იმპლანტის მიღება იყო შესაძლებელი, რომლის ღირებულოებაც დაახლოებით 30000 ლარს შეადგენს. ოპერაციისა და რეაბილიტაციის ხარჯი, რაც ჯამში 10000 ლარამდე ჯდება თავად პაციენტებს უნდა დაეფარათ. პროგრამაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სამინისტრო დაეხმარება შესაბამისი ასაკის უკლებლივ ყველა ბავშვს დაიბრუნოს სმენისა და მეტყველების უნარი და გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.